სიმბოლიკა ძალადობრივ ექსტრემისტულ ორგანიზაციებში

Authors

  • თინათინ ქაროსანიძე Free University of Tbilisi

Keywords:

ძალადობრივი ექსტრემისტული ორგანიზაცია, ლოგო, სიმბოლო, დროშა, ტერორიზმი

Abstract

   გასული ათწლეულების განმავლობაში ძალადობრივ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს სხვადასხვა სფეროში აქტიურად იკვლევდნენ. მკვლევართა ნაწილი სწავლობდა ამ ორგანიზაციების სტრუქტურას, საქმიანობის და ბრძოლის ტაქტიკას, იდეოლოგიას, წევრთა ქცევებს. თუმცა კვლევის ძალიან მცირე რაოდენობა ეხებოდა იმ სიმბოლოების ანალიზს, რომელსაც ეს დაჯგუფებები იყენებენ საკუთარ ლოგოებსა თუ დროშებზე.
   ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფებები სხვადასხვა სიმბოლიკას მიმართავენ საკუთარი იდეოლოგიის, ნარატივების, გზავნილების თუ ტაქტიკის გასავრცელებლად. ისინი სიმბოლოებად იყენებენ ფიგურებს, ფერებს, ფორმებს, გრაფიკულ ნიშნებს, ტატუებს, გამოსახულებებს, რათა საზოგადოებას საკუთარი მიზნები გააცნონ. მაგ., ლოგოზე დატანილი იარაღის გამოსახულება ბრძოლის მანიშნებელია (ფარკი, ალ-კაიდა), რელიგიური ნიშნების გამოსახვა აჩვენებს, რომ დაჯგუფება ამა თუ იმ რელიგიურ იდეოლოგიას იზიარებს, მარქსისტული თუ კომუნისტური დაჯგუფებები ძირითადად ლოგოზე ვარსკვლავს გამოსახავენ.
   კულტურა რომ ტერორიზმის შესაბამის ფორმას აყალიბებს, ეს სიმბოლიკის გამოყენებაშიც კარგად ჩანს. სიმბოლოების გამოყენება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ ელემენტებს მოიცავს, მეტ ადამიანს ახალისებს, დაჯგუფებაში გაერთიანდეს. გერმანიაში კაპიტალიზმის მოწინააღმდეგე სტუდენტები გერმანული წითელი არმიის ფრაქციას ანუ ბაადერ-მაინჰოფის დაჯგუფებას აქტიურად უერთდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მათთვის თვალშისაცემი იყო დაჯგუფების სიმბოლო: წითელი ვარსკვლავი და იარაღი, რაც მათ სოციალიზმისკენ კუთვნილებას და ბრძოლას გამოხატავდა.
   აღსანიშნავია, რომ ექსტრემისტული დაჯგუფებების სიმბოლიკა ყოველთვის არ არის მათი დიზაინის თუ შემოქმედების ნაყოფი. ზოგ შემთხვევაში დაჯგუფებები უკვე არსებულ სიმბოლოებს იყენებენ საკუთარ ლოგოებსა თუ დროშებზე.

Published

2023-12-27

How to Cite

ქაროსანიძე თ. (2023). სიმბოლიკა ძალადობრივ ექსტრემისტულ ორგანიზაციებში. Dunya: The Journal of Free University Institute of Asia and Africa, (1). Retrieved from https://journals.org.ge/index.php/dunya/article/view/159

Issue

Section

Articles